ჟოელ რობიუშონი

ჟოელ რობიუშონი (Joël Robuchon)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფრანგი შეფ-მზარეულია. ამას ადასტურებს მისი რესტორნების მიერ მოპოვებული მიშლენის 25 ვარსკვლავი – ეს მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეფ-მზარეულისა მსოფლიოში.ჟოელ რობიუშონი დაიბადა 1945 წლის 7 აპრილს პუატიეში, საფრანგეთში. ბავშვობაში სემინარიაში სწავლობდა და მღვდლობაზე ოცნებობდა. იმ პერიოდში მისმა მშობლებმა განქორწინება გადაწყვიტეს, რაც პატარა ჟოელისთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. ის შვებას სასულიერო პირებთან ურთიერთობაში პოულობდა, ხშირად ეხმარებოდა მათ სამზარეულოში, რეცხავდა ჭურჭელს, ფცქვნიდა ბოსტნეულს, ამუშავებდა ნანადირევს. 15 წლისას სამუშაოს ძებნა მოუხდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მზარეული გამხდარიყო. თავდაპირველად Relais de Poitiers-ში ჭურჭლის მრეცხავის ადგილი იშოვა, ბევრს მუშაობდა, არასოდეს წუწუნებდა და ნელ-ნელა წარმატებასაც აღწევდა. მოგვიანებით გულთბილად იხსენებდა თავის პირველ უფროსს, ანდრე ფორს და ამბობდა რომ მისგან ბევრით იყო დავალებული, რადგან სწორედ მან ასწავლა სიმტკიცე და დისციპლინა, რაც მის ასაკში აუცილებელი იყო.
რობიუშონი თავდაპირველად ცომეულზე მუშაობდა. მისი თქმით, კულინარიის ეს სფერო დაეხმარა მას, გამხდარიყო უფრო მეთოდური. მოგვიანებით მზარეულობა დაიწყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში არ სარგებლობდა დაწერილი რეცეპტებით, არც თვითონ წერდა მათ. როგორც თავად ამბობდა, მას ყველაფერი თავში ჰქონდა.28 წლის ასაკში რობიუშონი პარიზული სასტუმრო Concorde Lafayette-ს შეფ-მზარეული გახდა. სწორედ აქ მუშაობისას მიიღო მან კულინარიის სფეროს საუკეთესო თანამშრომლის ტიტული, რომლითაც დღემდე ამაყობს.

იგი კიდევ უამრავი ჯილდოსა თუ წოდების მფლობელია, რომელთა დეტალურად ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც გამოვარჩევთ რამდენიმეს: 1984 წელს პირველად გახდა მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი, 1987 წელს “წლის შეფ-მზარეულის”, ხოლო 1994 წელს “საუკუნის შეფ-მზარეულის” ტიტული მიანიჭეს. არის საფრანგეთის კულინარიული აკადემიის საპატიო წევრი, 1991 წლიდან ხელმძღვანელობს საფრანგეთის საუკეთესო თანამშრომელთა კონკურსის კულინარიის სექციას, არჩეულია ფრანგული მაღალი კულინარიის საბჭოს საპატიო პრეზიდენტად, ფლობს უამრავ მედალს სხვადასხვა კულინარიული ოლიმპიადებიდან და კონკურსებიდან, არის ღირსების ლეგიონის ორდენის კავალერი. 2007 წელს რობიუშონის რედაქტორობით გამოიცა ლარუსის კულინარიული ენციკლოპედია, უძღვება კულინარიულ სატელევიზიო გადაცემას და წერს წიგნებს. ყველაფერი ეს კიდევ უფრო შთამბეჭდავად მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ რობიუშონი თვითნასწავლი მზარეულია. მაშ, რაშია მისი წარმატების საიდუმლო?თავად მზარეული ამ შეკითხვაზე ასე პასუხობს: უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, ხალხი, რომლისთვისაც აკეთებ და აუცილებლად გამოიყენო მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქტი. მისი თქმით, მზარეულის მთავარი იარაღი, ხელებთან ერთად, თავიც უნდა იყოს, რათა შეეძლოს კერძის გემოს, არომატისა და ტექსტურის ჰარმონიული შეხამება. რობიუშონმა თავისი ძალები ტრადიციული ფრანგული კულინარიის გარდა (რომელიც ძალიან გადატვირთული და მძიმეა) ე.წ. ახალ კულინარიასა (nouvelle cuisine) და მოლეკულურ კულინარიაშიც გამოსცადა. თავისმა გამოცდილებამ იგი დაარწმუნა, რომ ყველაზე რთული სწორედ სიმარტივეა და მომავალი მარტივ, ყველასთვის გასაგებ კულინარიას ეკუთვნის, როცა კერძში 2-3, მაგრამ ძლიერი და სუფთა არომატის ინგრედიენტია. მოლეკულურ კულინარიას, რომელიც დღეს ძალიან მოდურია მთელ მსოფლიოში, რობიუშონი სასტიკად ეწინააღმდეგება და მას ცერებრალურ მასტურბაციას უწოდებს. იგი არასოდეს იყენებს თავის კერძებში გემოს გამაძლიერებელ საკვებ დანამატებს, საღებავებს, მჟავებს. მისი თქმით, “ხალხს სიმართლის ჭამა სურს, როცა მიირთმევ იხვს, მას უნდა ჰქონდეს იხვის გემო.”რობიუშონის კონცეფციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მზარეულის კლიენტთან სიახლოვეა. მის რესტორნებში, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქალაქშია გახსნილი, აუცილებლად დაინახავთ ღია სამზარეულოს, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ როგორ ამზადებს შავ ტრადიციულ უნიფორმაში გამოწყობილი მზარეული თქვენს მიერ შეკვეთილ კერძს.

This entry was posted in ცნობილი მზარეულები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s